ყველაფერი ახალი ინსტრუმენტის შეძენით დაიწყო, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი პიკაპ-სისტემა. გადაწყვეტილი მქონდა შემეძინა ფინური კომპანიის B-Band ფლაგმანი სისტემა B-Band T65, რომელიც ობიექტურად ერთერთი საუკეთესოა აკუსტიკური გიტარის პიკაპებს შორის დღეს მსოფლიოში. T65-ის მსგავსი სისტემების მონტაჟი ინსტრუმენტის კორპუსის შესაბამის ჭრას მოითხოვს, გარდა ამისა, მე T65-ის ორივე პიკაპ-ელემენტი უნდა ჩამენაცვლებინა მინიატურული მიკროფონებით.
ხარისხიანი ელექტრეტული კონდენსატორული მიკროფონების მაღალი ღირებულება და ხელმისაწვდომობა ერთის მხრივ, და ხელთ არსებული მაღალი იმპედანსის მქონე (160 ომი) მინიატურული დინამიური კაფსული მეორეს მხრივ, გახდა გენერატორი ამ წამოწყებისა - აკუსტიკური გიტარის პიკაპ-სისტემა დინამიური მიკროფონის გამოყენებით; შვეიცარიული კომპანია შერტლერ (Schertler) ალბათ ერთადერთია, ვინც ამ ტიპის პიკაპებს ამზადებს, მაგალითად DYN-AG6. |
ერთერთი პოპულარული ელექტრონული ფორუმის დახმარებით მოხდა შესაბამისი პრეამპის ელექტრონული სქემის შერჩევა და მისი სრულყოფა იმ პარამეტრებამდე, რომელიც ზემოთ იყო მოყვანილი. ბიპოლარულ ტრანზისტორებზე აგებული პრეამპების ტიპი იდეალურია დაბალი იმპედანსის მქონე მიკროფონებისთვის, დაბალი მგრძნობიარობის მქონე სიგნალებისთვის შემუშავებული პრეამპის სქემა ნაწილობრივ აერთიანებს, ასევე, კომპანიის ფენდერ (Fender) აკუსტიკური გამაძლიერებლის Acoustasonic 3-ზოლიანი ეკვალაიზერის ვერსიას. მნიშვნელოვანია ასევე, ამ პრეამპის აგებით ინსტრუმენტმა სრულად შეინარჩუნა საკუთარი კორპუსი.
ეს 2-არხიანი გარე პრეამპი გათვლილია გიტარის კორპუსში ჩამონტაჟებულ ორ დაბალიმპედანსიან მიკროფონზე - დინამიური კაფსული და კონდენსატორული ოქტავა МКЭ-5Б; დინამიური კაფსული დამაგრებულია უშუალოდ გიტარის დეკაზე და ერთნაირად ეფექტურად კრეფს როგორც ხმოვან ტალღებს, ასევე, დეკის ვიბრაციას - მიკროფონისთვის უნიკალური თვისებაა (ქვემოთ გაეცანით დინამიური კაფსულის აწყობისა და მონტის ძირითად წესებს!). მინიატურული კონდენსატორული МКЭ-5Б-ისთვის იდეალური ადგილი მაღალი 1-3 სიმების ქვეშ არის ბრიჯის მახლობლად და ის დაახლოებით 2-4 სმ-ით არის დაშორებული დეკიდან. ამ ორი მიკროფონის საშუალებით ვღებულობთ უამრავი სხვადასხვა სტრუქტურისა და ტექსტურის ბგერების საინტერესო ერთობლიობას... |