გვერდი სახელოსნო ერთდროულად გთავაზობთ როგორც ინსტრუმენტთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას, ასევე, პირადი გამოცდილების გაზიარებას კონკრეტული სამუშაოებისა და ნამუშევრების წარმოდგენით; აქ დეტალურად არის მოცემული ვიზუალური მასალა და სამუშაოთა მსვლელობის თანმიმდევრობა მათთვის, ვინც დამოუკიდებლად არჩევს საკუთარი ინსტრუმენტის გამართვას, შეკეთებას და/ან მოდიფიკაციას. |
ნებისმიერი ინსტრუმენტი აუცილებლად საჭიროებს არამხოლოდ მიმდინარე რემონტს, არამედ, მოდიფიკაციას, სხვა/ან დამატებით აღჭურვილობას მფლობელის სურვილისამებრ. ნებისმიერი, ვინც ინტენსიურად უკრავს და სერიოზულად აღიქვამს საკუთარ საქმიანობას და ინსტრუმენტს, წარმოუდგენელია ადრე თუ გვიან არ დადგეს ასეთი აუცილებლობის წინაშე.
როდესაც ასეთი აუცილებლობა გაჩნდა, ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან გამიჭირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიგნება თბილისში. პირველ რიგში, ჩემს ახალ ინსტრუმენტს აუცილებლად ესაჭიროებოდა რეგულირება - გრიფი, ჯორაკი, ნატი; იყო ინსტრუმენტის მყარი კეისის მოდიფიკაციის აუცილებლობა; ინსტრუმენტზე 1,5-2 წლის ინტენსიური დაკვრის შედეგად ლადები ბუნებრივად გახდა შესაცვლელი; მრავალი სხვა შემთხვევა დაკავშირებული ჩვეულებრივ ექსპერიმენტებთან ხმის გაუმჯობესების და/ან ცოდნის გაღრმავების მიზნით და ა.შ და ა. შ. |