ფიშმანის ცნობილი პიკაპის Fishman Rare Earth Blend ხელნაკეთი რეპლიკა
სტატიის დასაწყისში, მხარდაჭერისა და დახმარებისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელექტრონული კომპონენტების მაღაზიას თბილისში ’DAC კომპონენტები’; რომ არა მათი ხელშეწყობა, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
ვფიქრობ, ეს პროექტი - Fishman Rare Earth Blend replica - დააინტერესებს აკუსტიკური ფოლადისსიმიანი გიტარის მოყვარულებს. პიკაპ-სისტემა მთლიანად ხელნაკეთია, მისი კონსტრუირება და ტესტირება დაახლოებით 1 თვე გრძელდებოდა. კორპუსისთვის გამოყენებულია პლასტმასის ხელმისაწვდომი სხვადასხვა დეტალები, რომელიც ხელმისაწვდომია და ადვილად მუშავდება.
სისტემის ელექტრომაგნიტური ნაწილი:
--- Октава МКЭ-5Б მინიატურული ელექტრეტული კონდენსატორული მიკროფონი (მინიმალური დიაპაზონი 40-16000 ჰც, ბალანსირებული აუტი, წინაღობა 250 ომი, კვება 4,5 ვ) --- ნეოდიმიუიმის იშვიათმიწა მაგნიტური დისკები დიამეტრით 9 მმ --- 0,05 მმ დიამეტრის კოჭის სპილენძის მავთული (43"AWG) --- სამი ბატარეა LR44 1,5 ვ
ტექნიკური მახასიათებლები: 1. შიდა მიკროფონი გუსენეკზე - МКЭ-5Б მინიატურული აუდიო-ტრანსფორმატორი (კვება 4,5 ვ, On/Off ოპციით) 2. მაგნიტური პიკაპი Single და Hum-canceling - წინაღობა 3,4 და 1,6 კ/ომი (პასიური სისტემა, On/Off ოპციით)
ტესტირება: პიკაპის ტესტირება შეგნებულად კომპიუტერის საშუალებით გადავწყვიტე, რადგან მაგნიტური პიკაპები კომპიუტერში ჩართვისას მრავალგვარი ელექტრო-მაგნიტური ტალღების ზეგავლენას განიცდის... სასიამოვნო მოულოდნელობა იყო აღმოჩენა, რომ ფიშმანის რეპლიკის ელექტრო-მაგნიტურმა შემადგენელმა თითქმის აბსოლუტურად ’ჩუმი’ ხასიათი გამოავლინა კომპიუტერთან, Single რეჟიმშიც კი, პიკაპი თითქმის სრულიად ’ჩუმია’. კონსტრუქციის დასრულებამდე, პიკაპი რამოდენიმეჯერ იყო ჩართული ლეპტოპის მიკროფონის არხში და ამ დაკვირვებების დროს აშკარად გამოჩნდა სწორი და სრულფასოვანი იზოლაციის და ეკრანირების როლი საუკეთესო შედეგის მიღწევაში... პიკაპის შიდა ელექტრო-მაგნიტური ნაწილის კავშირები მთლიანად ეკრანირებული აუდიო კაბელით არის შესრულებული, ხოლო ინდივიდუალური და ერთიანი ეკრანირება მთლიანობაში 3 შრეს ითვლის, ერთიანი ეკრანირებისათვის გამოყენებულია ჩვეულებრივი ფოლგა, რომელიც შეუცვლელია ასეთი მცირე ზომის პლასტმასის კონსტრუქციისათვის, რომელიც, ასევე, მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს ფუნქციონალურად. Hum-canceling რეჟიმი თავისთავად კიდევ უფრო მეტად გაწონასწორებული იყო. ელექტრეტული მიკროფონის მიერ შემოტანილმა ’ნამდვილად ცოცხალმა’ ბგერამ სრული სისავსე შემატა ჟღერადობას... არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ ინსტრუმენტზე დაკვრამ და მისი ჟღერადობით სიამოვნებამ ნამდვილად ბავშვური სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია... მნიშვნელობა აქვს მიკროფონის სწორი მდებარეობისა და პოზიციის შერჩევას, ინსტრუმენტის სიღრმეში მისი ჟღერადობა ერთგვარად ’დახურული’ ელფერის არის, პოზიციონირება 1-3 მაღალი სიმების მიმართ და დაფიქსირება კორპუსიდან 1-2 მილიმეტრით გარეთ, ჩემის აზრით, მაქსიმალურად აძლევს მიკროფონს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას... კარგი შედეგია ისიც, რომ პიკაპი საკმაოდ მსუბუქია და იწონის მხოლოდ 70 გრ.
ფოტოებზე მოცემულია შესრულებელი სამუშაოები და მათი თანმიმდევრობა.
ვხსნით ინსტრუმენტზე არსებულ ქამრის სამაგრს, ე.წ. strap button-ს. ენდ-პინის ინსტალაციისათვის საჭიროა 12 მმ დიამეტრის ნახვრეტი, ამიტომ, შესაბამისი დიამეტრის ბურღით გაფართოების წინ, ინსტრუმენტის ზედაპირის ლაკირების დასაცავად და შესანარჩუნებლად, სასურველია არსებულ ნახვრეტზე წებოვანი ფურცლების გადაკვრა, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.
წებოვანი ფირი შედარებით იცავს ლაკირებას ბურღისაგან, ხოლო ლაკის შესაძლო უნებური მცირედი ბზარებისა და/ან ნატეხების გაჩენის შემთხვევაში ერთ ადგილზე დააფიქსირებს და დაკარგვისაგან დაიცავს მათ. ატეხილი ლაკის შემთხვევაში აკურატულად ჩააწებეთ ნატეხ(ებ)ი თავის ადგილზე.
12 მმ დიამეტრის ნახვრეტი ენდ-პინისათვის.
სტერეო ენდ-პინი დამატებითი, მეოთხე ჩამრთველი პინით. სამხრეთ-კორეული წარმოების, ერთერთი საუკეთესო მარკეტზე.
სურვილის შემთხვევაში, თუკი ეს ძალიან გართულებულად არ გამოიყურება, შესაძლებელია ინსტრუმენტის გახმოვანება ორი სხვადასხვა კაბელით, ერთის მხრივ მიკროფონი და მაგნიტური სისტემა სტერეო კაბელით და, მეორეს მხრივ, ბრიჯის პიკაპის აქტიური პიეზო სისტემა...
ასე გამოიყურება ინსტრუმენტის არსებული პიკაპების სისტემა: 1. მონო ჯეკი და XLR - ბრიჯის დაფის აქტიური პიეზო პიკაპი B-Band პრეამპით; 2. სტერეო ენდ-პინი - მაგნიტური პიკაპი და ელექტრეტული კონდენსატორული მიკროფონი. ბრიჯის პიეზო პიკაპმა უბრალოდ ჩაანაცვლა B-Band-ის საკუთარი (ჯორაკის) პიკაპი და მუშაობს არსებულ პრეამპთან. საკმაოდ ადვილი იყო პიკაპების შეცვლა და პრეამპის კორპუსზე დამატებითი 3,5 მმ ჯეკის მონტაჟი. მეორე, მაგნიტური/მიკროფონი პიკაპის ინსტალაციისათვის ინსტრუმენტმა შეიძინა სტერეო ენდ-პინი, საიდანაც ორივე პიკაპი დამოუკიდებლად ცალ-ცალკე გამოდის. ინსტრუმენტის შიგნით კომუტაცია ხდება RCA კონექტორებით, რომელიც ჩვეულებრივი ფხრიწით და ორმხრივი წებოვანი ფირით არის გიტარის ზურგზე დაფიქსირებული შიგნიდან. სურვილის შემთხვევაში, თუკი ეს ძალიან გართულებულად არ გამოიყურება, შესაძლებელია ინსტრუმენტის გახმოვანება ორი სხვადასხვა კაბელით, ერთის მხრივ მიკროფონი და მაგნიტური სისტემა სტერეო კაბელით და, მეორეს მხრივ, ბრიჯის პიკაპის აქტიური პიეზო სისტემა...