პიკის, ანუ, იგივე მედიატორის სწორად შერჩევის აუცილებლობა და კრიტერიუმები ალბათ მთლიანად პირად გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, ისე, როგორც მრავალი სხვა რამ მუსიკის მოყვარულისათვის. ეს, ერთი შეხედვით პატარა და, თითქოს, არცთუ ისე მნიშვნელოვანი საგანი რეალობაში ისეთსავე ყურადღებას და სწორ შერჩევას საჭიროებს, როგორსაც ინსტრუმენტი, აღჭურვილობა და სხვა ძირითადი შემადგენელი ნაწილი თქვენი სრულფასოვანი მუსიკალური და ტექნიკური ეკიპირებისა.
გარდა იმისა, რომ მედიატორი მონაწილეობს ბგერის ჟღერადობის წარმოქმნაში, ის, ასევე, ფუნქციონალურია ყოველი ცალკეული სიტუაციისათვის. ტომი ემანუელის ერთერთი არანჟირების Amazing Grace შესრულებისათვის დამჭირდა კონკრეტული მედიატორი, რომლის გარეშეც, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი სპეციფიური ტექნიკით არათუ სრულფასოვნად, არამედ, სწორად შესრულებაც კი. ზოგიერთ ვიდეოში კიდეც ჩანს, რომ ამ პიესის შესრულების წინ იგი თავის მედიატორებში ყოველთვის ერთ კონკრეტულს ეძებს. მოკლედ, ნაწარმოებში იმპროვიზაციის მეორე ნაწილის შესრულებისათვის აუცილებლად შედარებით მკვრივი მედიატორია საჭირო, ხოლო ფინალური ჰარმონიკების (ფლაჟოლეტი) უფრო ადვილად და სუფთად შესასრულებლად კი შედარებით მახვილკუთხა. ასევე, მედიატორს არ უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი რადიუსის მქონე ოვალური მხარე და იყოს ზომით პატარა ხელში უფრო ადვილი და სწრაფი გადაადგილებისათვის. ერთერთი საუკეთესო, ხარისხისა და ფუნქციონალურობის მხრივ, მიხელ ვეგენის მედიატორებია დღეს.
ეს მედიატორი საკმაო სიმკვირივისა და სისქისაა და, ამავე დროს, კომპაქტურია იმდენად, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილი იყოს მისი ხელში სწრაფი გადაადგილება და/ან შემოტრიალება. სამწუხაროდ, ასეთი მედიატორები ჩვენთან არსად შემხვედრია, თბილისში შეძენილ ერთერთ მედიატორს პირველივე ტაქტებისას ბოლი აუვიდა პირდაპირი მნიშვნელობით - დამწვარი პლასტმასის სპეციფიური სუნი... და... ორ ტაქტში შეჭმული მედიატორი... სხვათაშორის, თუკი თქვენ უკვე გაიარეთ ეს ეტაპი და შეიძინეთ როგორც სწორი გამოცდილება, ასევე, სწორი მედიატორები, დამეთანმებით, რომ მასობრივი წარმოების კომპანიების მიერ მედიატორი ძირითადად გამოიყენება როგორც კიდევ ერთი ადგილი საკუთარი ლოგოტიპის და, ზოგადად, ბრენდის წარმოსაჩენად; ასეთი მედიატორები, როგორც წესი, ღირს რამდენიმე ცენტი, რაც პრინციპში ცუდი არაა, თუმცა ხარისხი და ფუნქციონალურობა შედარებით ან გაცილებით ნაკლებია. თუ დაინტერესდებით ნამდვილი მედიატორებით, ნახავთ, რომ ასეთი მედიატორები ნაკლებად ან საერთოდ არ შეიცავს ლოგოტიპებს და სხვა მარკეტინგულ ატრიბუტიკას, როგორც წესი, მათი ცნობა შეიძლება ძირითადად კონკრეტული დიზაინისა და ფორმების მიხედვით; გარდა ამისა, აშკარად განსხვავებულია მათი ღირებულებაც, თანაფარდობა შეიძლება იყოს 1:10, 1:20 და მეტი... რაღა თქმა უნდა, ყველა ეს პიკი ხელნაკეთია და, ამიტომაც არის მათი ღირებულება ასეთი მაღალი.
მაღალი ხარისხის მედიატორების დასამზადებლად, არცთუ იშვიათად, გამოიყენება ბუნებრივი ძვალი; ასევე, გამოიყენება სიმტკიცით ბუნებრივ ძვალთან მიახლოებული მკვრივი პლასტმასები - ბაკელიტი და კარბოლიტი, ორივე საკმაოდ მაღალ ტემპერატურებსაც კი კარგად უძლებს...
და ბოლოს, სწორი პიკის შერჩევის ძირითადი და მარტივი კრიტერიუმები: 1. ფუნქციონალურობა - მუსიკა, რომელსაც თქვენ უკრავთ, საჭიროებს კონკრეტულ პიკს 2. ხარისხი და, შესაბამისად - ჟღერადობა და რესურსი
თუკი თბილისში სადმე შეიძლება ხარისხიანი მედიატორის შეძენა, ერთერთი ასეთი ადგილია ეს გვერდი! გისურვებთ მხიარულ პიკინგს!
ბაკელიტის და კარბოლიტის ხელნაკეთი პიკის სტანდარტული ზომები (მმ): 30x26, 32x28; სისქე 1,4-3,4 ღირებულება: 5-10 ლარი
* ერთი წელი ინტენსიური დაკვრის შემდეგ მაჩვენეთ ეს პიკი სერიოზულად გაცვეთილი და გამოუსადეგარი შემდგომი გამოყენებისათვის და მე უსასყიდლოდ შეგიცვლით მას ახალზე.