ხელნაკეთი კომბო Mr. Acoustic ძვირადღირებული აკუსტიკური კომბოების შესანიშნავი ალტერნატივა
ვინც დაინტერესებულა აკუსტიკური გიტარის გახმოვანებით და შესაბამისი კომპაქტური სისტემებით, აღმოაჩენდა, რომ ყველაფერი დაკავშირებული აკუსტიკური ინსტრუმენტების გახმოვანებასთან თითქმის ყოველთვის მაღალი ფასობრივი კატეგორიის პროდუქციაა და, მიუხედავად ამ მაღალი ფასებისა, ცალკეულ შემთხვევებში, ჟღერადობის ხარისხი მაინც სრულად ვერ აკმაყოფილებს გემოვნებიან მუსიკის მოყვარულს; ჩვენს სინამდვილეში კი, მაღალი ღირებულების გამო, თითქმის არაფერია ადგილობრივად ხელმისაწვდომი. რეალობიდან და ფოლადისსიმიანი აკუსტიკური გიტარის გახმოვანების დიდი სურვილიდან გამომდინარე, გაჩნდა მარტივი იდეა ხელთ არსებული შედარებით ხარისხიანი ძველი ‘კომპონენტებისგან’ აწყობილიყო ასეთი კომბო, სხვა სიტყვებით, ერთ კომპაქტურ ‘კოლოფში’ გაერთიანებულიყო გამაძლიერებელი და დინამიკი. რადიოინჟინრული თვალსაზრისით ცოტა რამ შეიცვალა ამ ტექნოლოგიებში და ჩვენთვის კარგად ცნობილი თითქმის ყველა საუკეთესო ვერსიები გასული საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა და დღემდე დიდი წარმატებით და მოცულობებით იწარმოება.
მიზანი ცნობილი იყო და რჩებოდა ამ ხარისხიანი გამაძლიერებლისა და დინამიკის შერჩევა-მოძიება, რაც არც თუ ისე დიდი თავსატეხი აღმოჩნდა; ეს უნდა ყოფილიყო, ერთის მხრივ, ხარისხიანი hi-fi გამაძიერებელი და, მეორე, მაღალი მგრძნობიარობობის მქონე დინამიკ(-ებ)ი, რომ მცირე გაბარიტების პირობებში მაქსიმალურად მეტი (მაღალი) ხმა მიგვეღო. არ იქნება რთული მისახვედრი, რომ ძველი ე.წ. „საბჭოური ვინტაჟი“ იდეალური აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში; ეს იყო უმაღლესი კლასის ერთერთი hi-fi გამაძლიერებელი ოჯახიდან „ოდისეი“ და ცნობილი Кинап კინოთეატრალური აკუსტიკური სისტემების ფართოდიაპაზონიანი 10“ დინამიკი 4A-28 სერიიდან Ломо (დღევანდელი www.lomo.ru), რასაც დაემატა ტვიტერების სამეული 2ГД-36. ამ წყვილს დაემატა ბ-ნ ლეო ფენდერის მიერ შემუშავებული აკუსტიკური ინსტრუმენტების პრეამპის სქემა სერიიდან Fender Acoustasonic.
შედეგი ფენომენალური აღმოჩნდა. როგორც ‘ფიშმანი’-ს (Fishman) აკუსტიკური კომბოს მფლობელს, ნამდვილად გამიჭირდება ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება. არ ვიცი რისი დამსახურებაა ეს, პრეამპის, გამაძლიერებლის თუ დინამიკის, მაგრამ Mr. Acoustic-ს აქვს ერთი აშკარა უპირატესობა, მის ჟღერადობაში არის ის ‘ნამსხვრევი შუშის’ ხმა, რომელიც ასე დამახასიათებელია ფოლადისსიმიანი აკუსტიკური გიტარის სტუდიური ჩანაწერებისთვის. მართალია, Mr. Acoustic-ს არ აქვს ჩაშენებული რევერბი და ქორუსი, მაგრამ ეს არანაირი დანაკლისი არ არის მისთვის, რადგან ამ კატეგორიის ექეფტ-პროცესორები ყოველთვის საბაზო დანიშნულების არის და თითქმის გამოუსადეგარია პროფესიონალური თვალსაზრისით.
Mr. Acoustic ძვირადღირებული აკუსტიკური კომბოების შესანიშნავი ალტერნატივა გამოვიდა; საკუთარი მახასიათებლებით და ჟღერადობის ხარისხით ის ერთნაირად ადვილად გაუწევს კონკურენციას როგორც დაბალბიუჯეტიანი $400-600 მოდელების რიგს, ასევე ძვირადღირებულ მოდელებს კატეგორიიდან $1000+.
ტექნიკური მახასიათებლები: სიმძლავრე: 40 ვატი (W), Bi-amp მგრძნობიარობა: 94 დეციბელი (dB) არხები: 20-25 მილივოლტი (mV) ორი არხი ფაზის გადამრთველით ზომები: 38 x 34 x 30 სმ წონა: 10.6 კგ