ტომი ემანუელი Little by Little ინტერვიუ ტომი ემანუელთან გიტარ ინთერნეშნლ - რიკ ლენდერსი 2011, 4 მარტი (Guitar International)
ავსტრალიელმა გიტარისტმა, ტომი ემანუელმა, აკუსტიკური გიტარის ერთერთი საუკეთესო შესრულება შემატა მსოფლიოს პლანეტის დასამშვენებლად. იგი ინტენსიური საკონცერტო ტურების მქონე მუსიკოსია, რომელიც ბრწყინავს სცენაზე საკუთარი უნარით ალერსით, მოფერებით და დროდადრო კი სლეპით შეასრულოს აკუსტიკური არანჟირებები თავის ”გალახულ” ”მეიტონი”-ს (Maton) გიტარებზე. ტომი ემანუელი ატყვევებს აუდიტორიებს თავისი იუმორით, მსოფლიო კლასის შესრულებითა და პერკუსიული ილეთების მრავალფეროვნებით ექვს სიმზე. სტუდიაში დაბრუნებული ტომი ემანუელი ალბომს ალბომზე უშვებს. მისი ბოლო ალბომი Little By Little არის ორმაგი გამოცემა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს პოპ-მუსიკის, ბალადებისა და სხვა თრეკების მიქსს, გიტარის ინსტრუმენტულ ნამუშევრებს მსუბუქი ”აფეთქებებით”. 10 წლის ასაკში ტომი ემანუელს უკვე მოვლილი აქვს მშობლიური ავსტრალია გასტროლებით. ამის შემდეგ, ის უსმენს გიტარისტს ნეშვილიდან, ჩეტ ატკინსს, და ასე ნახულობს ტომი საკუთარ მოწოდებას ცხოვრებაში. ტომი ემანუელის სოლო ალბომები და DVD გამოცემები განსაკუთრებულია და ერთგვარად ჯადოსნურიც. მას გამოშვებული აქვს სამი ცოცხალი საკონცერტო DVD, სამი სასწავლო DVD და წელიწადში 300 დღე მოგზაურობს გასტროლებით დაუღლელად.
რიკ ლენდერსი: რამდენიმე წლის წინ გნახეთ კარნეგი ჰოლში ლეს პოლის 90 წლის საიუბილეო საღამოზე. ტომი ემანუელი: ო, დიდებული საღამო იყო!
რლ: რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? ტე: დიდებული მოგონებები მაქვს. არტისტთა ოთახში ჩვენ ყველა ერთად ვიყავით, ხოსე ფელიციანო, ბაკი პიზარელი; ლესთან ერთად ყოფნის გამო ჩვენ ყველას ძალიან კარგი განწყობილება გვქონდა. შესანიშნავი საღამო იყო!
რლ: ამასწინათ, მე ვესაუბრე რასტი პოლს და მან მითხრა, რომ შენ და ლესმა ერთად ”მაგრად” დაუკარით და რომ, ”მამა აღტაცებულიც კი იყო” თქვენით. ტე: იგი იყო როგორც მამა ჩემთვის. ყოველთვის, როცა კი დამინახავდა ცდილობდა ტუჩებზე ეკოცნა ჩემთვის.
რლ: (იცინის) და გაკოცათ? ტე: (იცინის) ის მეუბნებოდა: ”მაკოცე ერთი შვილო!”
რლ: ის ძალიან კარგი ადამანი იყო. ორჯერ მქონდა საშუალება ინტერვიუ ამეღო მისგან, ის საკმაოდ მხიარული და, უნდა ითქვას, კარგი ხუმარაც იყო. ტე: მას თავისებური მწვავე ხუმრობა უყვარდა, მაგრამ ძალიან კეთილი გულის მქონე ადამიანი იყო.
რლ: მე ვიცი, რომ თქვენ თითქმის ყოველთვის საკონცერტო ტურში ხართ. ტე: ხვალიდან კვირა დღის ბოლომდე ვიქნები ელიზაბეტთაუნში, კენტუკი, ”ტომიფესტ”-ზე. შემდეგ ორი საღამო ბალბოა თეატრში სან დიეგოში (Balboa Theatre in San Diego), რის გამოც მართლა ვღელავთ. საქმე იმაშია, რომ ”ფი-ბი-ეს” (PBS, Public Broadcasting Service) აპირებს გადაიღოს თავისი ქსელისათვის ეს კონცერტები და შემდგომ გამოსცეს DVD ”ტომი და მეგობრები”. ეს გამოყენებული უნდა იყოს ეთერში უკვე ივნისიდან. ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი ბიძგი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე, ყველა ჩემი სტუმრისათვის.
რლ: მოგვიყვებით ვინ იქნება თქვენთან ერთად, თუ უნდა დაველოდოთ კონცერტებს? ტე: ო, რა თქმა უნდა! ფრენკ ვინოლა არის ჩემი სტუმარი გიტარისტი. ის და ვინი ერთად უკრავენ და ჩვენ გამოვალთ ტრიოში. მე მყავს ბრწყინვალე მომღერალი და სიმღერების ავტორი, პემ როუზი ნეშვილიდან. ასევე, ჩემი სტუმარია ახალგაზრდა ავსტრალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ენტონი სნეიპი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს მოსმენას; ის შესანიშნავია.
რლ: ბოლო ალბომში Little By Little შესულია ის ნამუშევრები, რომელსაც მე პირარად ვუწოდებ ”ემანუელის სტანდარტებს” The Jolly Swagman, Finger Lakes, Countrywide და სხვა. ამ ალბომში 24 თრეკია და თუ არ მეშლება, წინა ალბომშიც Center Stage 24 თრეკია. ჩემი კითხვა ასეთია: ეს სიყვარულის შრომები ხომ არ დაემსგავსება საბოლოოდ მხოლოდ შრომას? ტე: (იცინის) ამ ალბომისათვის მე მართლა დიდი სურვილი მქონდა ყველა ეს ნაწარმოები შესულიყო მასში. მე არ მინდოდა, რომ მუსიკალურ გამომცემლობას მოეთხოვა ”ჩვენ გვინდა მხოლოდ 12 ნაწარმოები”. მოხარული ვარ, რომ ”სონი” ავსტრალიაში დამეთანხმა მე და გამოსცა ორმაგი ალბომი. Favored Nations აღფრთოვანებულია ალბომით. ჩემი ლეიბლის მენეჯერია სტივ ვაი. მან გამომიგზავნა შესანიშნავი წერილი თუ როგორი ყურადღებით მოუსმინა ალბომის თითოეულ თრეკს, მან გამიზიარა საკუთარი ემოციები და შეხედულებები აბსოლუტურად ყველაფერზე. ეს იყო ძალიან დეტალური და სასიამოვნო წერილი.
რლ: თუ არის რაიმე ახალი თქვენს საშემსრულებლო ტექნიკაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელიც აღმოაჩინეთ და/ან შეიმუშავეთ და, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისათვის? ტე: ვფიქრობ, რომ საინტერესოა ამ მხრივ მოუსმინოთ ალბომის ბოლო თრეკს The Trails, მის პირველ ნაწილში არის საინტერესო ინტერვალები ნოტებს შორის, როდესაც მე ვცდილობ ფლეიტის ჟღერადობის იმიტაციას.
რლ: მე ვიცი, რომ თქვენი ”მეიტონ” გიტარები ცოტა ”გალახული” გყავთ, ხშირად თავად შევსწრებივარ ამას. ეს ხანდახან მაგონებს უილი ნელსონის ტრიგერს. ეს ერთერთია თქვენი საყვარელი ”მეიტონ” გიტარებიდან? ტე: დიახ! ეს არის გიტარა, რომელიც გამოიყურება როგორც ყველაზე ”ძველი”. მასზე დაკვრა მართლა ზეციური სიამოვნებაა.
რლ: რამდენი ხანია რაც უკრავთ ამ ინსტრუმენტზე? ტე: 2003 წლიდან. როდესაც გიტარა მივიღე, პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ დეკას ავაძრე ნაკაწრებისაგან დამცავი და გადავხეხე ლაქი ინსტრუმენტზე.
რლ: საინტერესოა! მე ვიცი, რომ ჯონ ლენონმა საღებავი გადააძრო თავის პირველ რიკენბეკერს. არ ვიცი ცდილობდა თუ არა ამით განსხვავებული ჟღერადობის მიღწევას. ტე: ყველას გვაქვს თავისებურებები. მახსოვს, წლების წინ, როდესაც მე განვქორწინდი, ყველაფერი ირგვლივ და მე თვითონაც ძალიან მოწყენილი ვიყავი ყოველივე ამის გამო, დავიწყე ჩემს გიტარაზე წერა რამაც ერთგვარად გამოაკეთა ჩემი მდგომარეობა. არ ვიცი რატომ. რაღაცეებს ვწერდი გიტარაზე რის შედეგადაც ინსტრუმენტი ძალიან გადატვირთულად გამოიყურებოდა ბოლოს და ამიტომ სულ გადავხეხე წარწერები და დავიწყე წერა თავიდან. (ორივე იცინის).
რლ: ბოლოს ჩვენ შევხვდით ალექსანდრიაში, ვირჯინია. მე მგონი თქვენ იქ მიიღეთ ძველი გიბსონი თქვენი ფანებისაგან. თუ ატარებთ ამ ინსტრუმენტს საკონცერტო ტურებზე? ტე: დიახ, აუცილებლად! ეს იყო 1934 წლის Kalamazoo, შესანიშნავი პატარა ინსტრუმენტი.
რლ: სხვა სიახლეები ამ მხრივ? ტე: მაქვს ახალი ”ქოლინგსი” (Collings), მაგრამ ტურებზე ჯერ არ ვატარებ მას. მაქვს, ასევე, ახალი ”მეიტონი”, ზუსტად ისეთი როგორც ძველი, იგივე ოსტატის მიერ და იგივე ხის მასალისაგან დამზადებული, ის უკეთესიც კია. სასწაული გიტარაა.
რლ: სხვა ინსტრუმენტებზე თუ უკრავთ? ტე: ვუკრავ ბასზე და დრამზე. მქონდა მცდელობა ფორტეპიანოსა და მანდოლინაზე დაკვრის. ცოტა მწყრალად ვარ მათზე.
რლ: 12-სიმიან გიტარაზე თუ უკრავთ? ტე: მაქვს ერთი 12-სიმიანი გიტარა, ეს არის ძველი ”მეიტონი”, ძალიან კარგი გიტარაა, მაგრამ მე ხშირად არ ვუკრავ 12-სიმიან გიტარაზე, ნაკლებად ვარ მისით დაინტერესებული.
რლ: ამდენი გასტროლებისათვის კარგი იქნებოდა სამოგზაურო მოსაკრებლის მიღება. ხომ არ გაქვთ სამომავლო გრძელვადიანი სტრატეგია, რის შედეგადაც დასახლდებოდით რომელიმე კურორტზე, ხოლო თქვენი ფანები კი მოვიდოდნენ თქვენს სანახავად? ტე: (ორივე იცინის) იცით რა შევნიშნე? დღეს ჩემი სახლიდან ნოლენსვილში (Nolensville) მანქანით მოვდიოდი ქალაქში და დავინახე, რომ აშენებენ ახალ დარბაზს. ვიფიქრე, ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ მომიწევს იქ დაკვრა ყოველ შაბათს და ყველამ კი ჩემთან სტუმრად იაროს ისე, როგორც ლეს პოლი აკეთებდა ამას (ორივე იცინის).
რლ: მეც ეს გავიფიქრე. ვიცი, რომ ზოგიერთი არტისტი მიდის ლას-ვეგასში და სახლდება იქ გარკვეული დროით. ტე: მე შემომთავაზეს ცხოვრება პალმ სპრინგსში (Palm Springs). ყველაფერი, რაც იქ უნდა გავაკეთო არის ის, რომ უნდა ვიყო ერთიანი წარმოდგენის ნაწილი და უნდა დავუკრა მხოლოდ 20 წუთი ყოველ საღამოს. შემოთავაზების პირობები მართლა შესანიშნავია - საკუთარი ბინა, მანქანა და ა.შ. არ ვიცი მივიღებ თუ არა ამ წინადადებას, რადგან ეს არის ექვსი კვირა ერთი და იგივე ადგილას გამოსვლა, არ ვიცი ეს მართლა მომეწონება თუ უბრალოდ შევიშლები.
მაგრამ ახლა მე ახალგაზრდა ვარ და მხნე, ცერებზე მდგომი მზად ვარ როკისათვის. ჯერჯერობით კარგად ვგრძნობ თავს საკუთარ სხეულსა და სულში და მინდა დავუკრა ხალხისათვის მთელს მსოფლიოში. უბრალოდ მინდა ვიყო ყველგან და ვუკრავდე.