ტომი ემანუელი ტომი ემანუელი - ექსტრაორდინალური ფინგერპიკერი. ჯასტ ჯაზ გიტარ - ედ ბენსონი. 2006, მაისი (Just Jazz Guitar)
მქონდა ბედნიერება მრავალჯერ მენახა ტომი ემანუელი ჩეტ ატკინსისადმი მიძღვნილ საღამოებზე ნეშვილში. ყოველთვის, როდესაც მას ვხედავ, გაოცებისაგან ვაქნევ თავს. ტომი ემანუელი, უდაოდ ერთერთი ყველაზე ნიჭიერი შემსრულებელი დღეს, გაცილებით უფრო მეტია: ის შეუდარებელი არტისტია, რომელსაც უყვარს ის, რასაც აკეთებს. ტომი, მისი ყოველი სცენაზე გამოსვლისას მუსიკისა და პერფორმანსის დიდ სიყვარულს გვიჩვენებს. დაბადებული ავსტრალიაში და მცხოვრები ამჟამად ნეშვილში (აშშ), ტომი ემანუელი წელიწადში 300 დღე საკონცერტო ტურებით მოგზაურობს. მას მუსიკის არაერთ ლეგენდასთან ერთად ჰქონდა გამოსვლები, მათ შორისაა ჩეტ ატკინსი, ერიკ კლეპტონი, ჰენკ მარვინი, ჯო უოლში, სტივი ვანდერი, ნოკი ედვარდსი, ლეს პოლი, ასევე, ლექსინგტონის (კენტუკი) ფილარმონიული ორკესტრი, დორტმუნდის სიმფონიური ორკესტრი, დასავლეთ ავსტრალიის სიმფონიური ორკესტრი და სხვა.
გასულ ზაფხულს მე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა მასთან ნეშვილში, სადაც იგი უძღვებოდა ჩეტ ატკინსის მადლიერების საზოგადოების (CAAS - Chet Atkins Appreciation Society) საღამოს.
ებ: მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ მინახავს თქვენი გამოსვლები, მაინც მიჭირს თქვენი კლასიფიცირება, თქვენ არ ხართ ჯაზ-შემსრულებელი ან რომელიმე ერთი სტილის მუსიკოსი; თქვენ პირადად როგორ ხედავთ საკუთარ თავს? ტე: მე არ ვცდილობ ვეკუთვნოდე რომელიმე კატეგორიას. ძირითადად, მე ვარ მელოდიისა და იმპროვიზაციის შემსრულებელი. მე არტისტი ვარ. ჩემი გიტარა არის ჩემი ინსტრუმენტი, მაგრამ მე ვარ არტისტი. მე ვუკრავ ხალხისათვის. ადამიანს შეუძლია ერთგული დარჩეს საკუთარი ნიჭისა და ხელოვნების მიმართ და, ამავე დროს, იყოს არტისტი. ზოგიერთი იფიქრებს, რომ თუკი შენ ართობ ხალხს, შენ სერიოზულად არ აღიქვამ საკუთარ ხელოვნებას. ეს ასე არ არის. ჩემი უფრო ზუსტი შეფასება ალბათ არის ქანთრი-შემსრულებელი რომელსაც აქვს მცდელობა დაუკრას ჯაზი ან ბლუზი ან როკ’ნ’როლი. არის ესპანური მუსიკის ელემენტები.
ებ: და თქვენ კარგად გრძნობთ თავს ნებისმიერ ამ სტილში? ტე: მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მე ვუკრავ იმიტომ, რომ მე მიყვარს დაკვრა.
ებ: თქვენ გამოიყურებით ისე, თითქოს მუდამ ერთობით; თითქონს ნებისმიერმა დარბაზში იცის, რომ თქვენ დიდებულად ატარებთ დროს. ტე: და ეს ასეა!
ებ: თქვენი სტილი საკმაოდ უნიკალურია, ერთგვარი ნაზავი ფინგერპიკინგის, ელექტრო და სხვა; როგორ განავითარეთ ის? ტე: მე დავიწყე როგორც აკომპანიატორმა ჩემი ძმისათვის, რომელიც იყო ლიდერ-გიტარისტი. ჩვენ ვუკრავდით Ventures, Shadows და დუეინ ედის, შემდეგ მოვუსმინეთ არტურ სმიტსა და მერლ ტრევისს და მათი მუსიკა შევისწავლეთ. მე ვუკრავდი რითმს და ერთდროულად ვასრულებდი ბასს ჩემი ცერი თითით, ასე განვავითარე ჩემი სმენა და ტექნიკა. იმ დროს არაფერი ვიცოდი ბას გიტარის შესახებ. ვფიქრობდი, რომ რითმ-გიტარა ასრულებდა ბასის პარტიასაც. შეიძლება ითქვას, რომ მე ამ შემთხვევითობის საშუალებით შევისწავლე ეს ტექნიკა. 7 წლის ასაკში მე მოვუსმინე ჩეტ ატკინსს და შემეძლო გამერჩია რასაც ის უკრავდა. არ ვიცი როგორ ავხსნა ეს.
ებ: იმ დროს ავსტრალიაში ხელმისაწვდომი თუ იყო თქვენთვის ჩანაწერები და კასეტები? ტე: ვუსმენდი რადიოს; იყო, ასევე, მუსიკალური ავტომატები კაფეებში.
ებ: წიგნები? ტე: მე არ ვკითხულობ მუსიკას (ნოტები). ჩემი სმენა მეხმარება ყოველთვის.
ებ: ე.ი. თქვენ შეგიძლიათ დაუკრათ ყველაფერი და დაუკრათ ნებისმიერთან. შეგიძლიათ პირდაპირ შეუერთდეთ დაკვრას და გაარჩიოთ ყველა ცვლილება? ტე: მე მესმის როდის იცვლება ტაქტი.
ებ: როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ ვინმეს განუვითაროთ ასეთი სმენა ვარჯიშით? ტე: ეს ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება, ასე არ არის? ამაზე პასუხი არის, ალბათ, ბუნება. მე მჯერა, რომ ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ბედი. მე წავიკითხე ისტორია მუჰამედ ალისა და მისი ძმის შესახებ და, მე მგონი, ჩვენი ცხოვრება ჰგავს ერთმანეთს. ბავშვობაში ჩვენ ვთამაშობდით ნოტების გამოცნობას, ერთერთი ბრუნდებოდა ზურგით და იღებდა გარკვეულ ნოტს, ხოლო დანარჩენებს უნდა გამოგვეცნო ეს ნოტი. ვფიქრობ, გარკვეულწილად ამან განავითარა ჩვენი სმენა. ამის შემდეგ შენ უნდა შეძლო გამოიმუშაო ნოტის ვიზუალიზაციის უნარი. ჩვენ უნდა შევძლოთ აკორდის ფორმის დანახვა ჩვენს გონებაში. მუჰამედ ალიმ ბავშვობაში მოიგონა ასეთი თამაში, როცა მისი ძმა ესროდა მას ქვებს, ის კი ცდილობდა მათ აცილებას; მას არც ერთხელ არ მოხვედრია ქვა და ეს ალბათ ერთგვარად დაეხმარა მას მომავალში როგორც ბოქსიორს. ვფიქრობ, ყველაფერ ამაში არის გარკვეული ბუნებრივი კანონზომიერება.
ებ: აბსოლუტური სმენა გაქვთ? ტე: არ ვიცი. უბრალოდ, არ მომწონს როცა რაღაც არასწორია.
ებ: მოუყევით მკითხველს როგორ იწყებოდა ყველაფერი ავსტრალიაში პირველი დღიდან? თუ მიიღეთ რომელიმე სპეციალური განათლება? ტე: მუსიკა აკვნიდან მიყვარს. როგორც დედისგან ვიცი, სამშობიაროდან სახლში მოყვანის შემდეგ თურმე არ ვიძინებდი მანამ რამეს (მუსიკა) არ მოვუსმენდი, თავთან ახლოს მქონდა ფირსაკრავი და მრავალი ჩანაწერი, მუსიკა მამშვიდებდა და მალევე მეძინებოდა. თუ მუსიკა ჩერდებოდა ვიწყებდი ტირილს მანამ ხელახლა არ ჩართავდნენ, და, კვლავ ასე ვიძინებდი. შემდეგი რუტინა დედაჩემისთვის იყო როდესაც სიარული ვისწავლე. დედა გაისტუმრებდა ხოლმე მამას სამსახურში, უფროს და-ძმებს კი სკოლაში, მომართავდა ხმაურიან სარეცხ მანქანას და როდესაც მანქანა ჩაირთვებოდა, მის ხმაურზე მეც გამოვდიოდი ხოლმე დერეფანში და ოთახში შემოსული ვიწყებდი ”ცეკვას” სარეცხ მანქანასთან ერთად. მთელი ჩემი ცხოვრება არ შემიძლია დავიძინო, თუკი ფეხით რაიმე რითმს არ ვიმეორებ. ასეთი იყო ჩემი მუსიკალური დასაწყისი.
ებ: მუსიკალურია თქვენი ოჯახი? ტე: დიახ! მე ვარ ერთერთი ექვს და-ძმას შორის და ხუთი ჩვენგანი ფლობს მუსიკალურ ინსტრუმენტებს; ჩვენი უმცროსი ძმა ავტომობილების გაყიდვების მენეჯერია.
ებ: თქვენს გარდა თუ არის რომელიმე მათგანი პროფესიონალი მუსიკოსი? ტე: ო, დიახ, ყოველი მათგანი, მაგრამ მხოლოდ მე და ჩემი ძმა ვაგრძელებთ კვლავ დაკვრას. იგი იყო ლიდერ-გიტარისტი, მე კი რითმს ვუკრავდი. ის ავსტრალიაში ცხოვრობს, ერთმანეთს ჩვენ გერმანიაში შევხვდით ჩემს ფესტივალზე. მე კვარტეტში დავიწყე დაკვრა მამასთან ერთად, ვუკრავდი რითმს და ბასს. შემდეგ შევისწავლე ფოლადისსიმიანი აკუსტიკური გიტარა და დრამი. აი ამ გზით ვისწავლეთ ჩვენ დაკვრა - ვსწავლობდით სიმღერებს და ვუკრავდით. თუკი მე ვმეცადინეობ ინსტრუმენტზე, ამით მე მხოლოდ საკუთარ მოტორულ უნარებს ვავარჯიშებ, მე ვცდილობ მართლა განვავითარო ჩემი ხელის კუნთები, ამისათვის მაქვს მე ეს გიმნასტიკა ხელებისათვის. შემდეგ მე ვუკრავ ციფრებით და, ბოლოს, ვჯდები მუსიკის დასაკრავად და ვღებულობ დიდ სიამოვნებას ამით.
ებ: რას უკრავთ როცა სულ მარტო რჩებით ოთახში? ტე: ძირითადად ძველ სტანდარტებს, მაგალითად Moon River. შემდეგ ძალიან მიყვარს იმპროვიზირება შეუჩერებლად. ვუღრმავდები იდეებს და ვავითარებ მათ.
ებ: შეგიძლიათ იმპროვიზირების სწავლება? ტე: შეიძლება ასწავლოთ იმპროვიზაციის საფუძვლები. ის, რაც გინდათ რომ გესმოდეთ, უფრო ლირიულია. იმპროვიზირებისას მე ვცდილობ შევასრულო ის, რის სიმღერასაც თავად მე შევძლებდი.
ებ: გამოდის, რომ თქვენ არ გაქვთ მეცადინეობის კონკრეტული რეჟიმი? თქვენ არ უზიხართ საათობით გამებისა და მოდების დაკვრას? ტე: არა. მე ვცდილობდი რაც შეიძლება ბევრი ამეღო იმ მუსიკოსებისაგან, ვისაც შევხვედრივარ - ვთხოვდი, ვითვისებდი და ვსწავლობდი მათგან. ყველაზე მეტი მე ვისწავლე პიანისტებისაგან, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსისაგან. ალბათ ხალხი ფიქრობს, რომ ძირითადად მე გიტარისტებს ვუსმენ. ყველაფერი პირიქითაა. მე არ ვზივარ და არ ვუსმენ სხვა გიტარისტ-შემსრულებლებს, არ ვარ ამაში დაინტერესებული. მომწონს მომღერლები და სიმღერის ავტორები. მაინტერესებს კარგი სიმღერები და მელოდიები. მელოდიის გარეშე არაფერი არ გამოვა.
ებ: თქვენ ყოველთვის ფინგერსტაილ-შემსრულებელი იყავით? ტე: არა. ვიწყებდი პიკით.
ებ: რამდენ მელოდიას ფლობს თქვენი თითები? ტე: ო, ათასობით.
ებ: ჩიხურ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ? ტე: დიახ, ბევრჯერ, მაგრამ ჩვეულებრივ, ეს ხდება მხოლოდ ერთხელ და მეორე მცდელობისას ყველაფერი სწორდება. არ მინდა ჩემი ნათქვამი კვეხნას დაემსგავსოს, მაგრამ მე ჯერ მესმის და შემდეგ ვუკრავ ამა თუ იმ ფრაზას.
ებ: რამდენად ხშირად გაქვთ საკონცერტო გამოსვლები? ტე: მე ვუკრავ 320 კონცერტამდე ყოველწლიურად.
ებ: ძალიან ცოტა დრო რჩება ოჯახურ წრეში ცხოვრებისათვის. ტე: 3 წელია მე არ მაქვს სახლი. ცხოვრება მიწევს სასტუმროებში და ჩემს მეგობრებთან მთელს მსოფლიოში.
ებ: და, რატომ მაშინ ნეშვილი? ტე: მე დანიშნული ვარ ამერიკელ გოგოზე. ნეშვილი ყოველთვის იყო მეორე სახლი ჩემთვის. მოვდიოდი აქ და ჩეტთან ვრჩებოდი ყოველთვის.
ებ: გვიამბეთ, როგორ გაიოგო თქვენს შესახებ ჩეტ ატკინსმა? ტე: 11 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. დაახლოებით იმ დროს მაჩუქეს ჩეტ ატკინსის ალბომი, რომელიც ჩემი სამყარო გახდა, მე ვცხოვრობდი მასში. მე მივწერე მას წერილი როგორც მისმა დიდმა თაყვანისმცემელმა და 1967 წელს მივიღე პასუხი და ფოტო მისგან, რომელშიც ის მთავაზობდა მასთან სტუმრობას და ჩემს მოსმენას, როცა მომეცემოდა საშუალება ვყოფილიყავი აშშ-ში. 18 წლის ასაკში მოულოდნელად კვლავ მივიღე წერილი ჩეტისაგან, რომელშიც ის მწერდა, რომ თურმე ერთერთ ჩემს მეგობარს ჩემთვის უთქმელად ჩაუწერია ჩემი დაკვრა და გაუგზავნია მისთვის. ჩეტი მწერდა: ”ტომი, შენ ხარ შესანიშნავი შემსრულებელი. იმედი მაქვს, რომ მოახერხებ ჩამოხვიდე ამერიკაში”. 1980 წელს, 25 წლის ასაკში ჩემმა პირველმა ცოლმა დიდებული საჩუქარი გამიკეთა, მან მიყიდა ნეშვილის თვითმფრინავის ბილეთი.
ებ: ჩეტთან გქონდათ უკვე რაიმე შეთანხმება? ტე: არა.
ებ: და თქვენ არც კი იცოდით, დაგხვდებოდათ თუ არა იგი ნეშვილში? ტე: მე ვესაუბრე მის მდივანს, ვუთხარი ვინც ვარ და ვკითხე ქალაქში თუ იმყოფებოდა ჩეტი, რაზეც მან დადებითად მიპასუხა და მეც ჩამოვფრინდი ნეშვილში. მახსოვს, გავჩერდი სასტუმროში ”ჰოლიდეი ინნ” და დავურეკე ჩეტს ოფისში. მიპასუხეს, რომ ის გოლფის სათამაშოდ იყო გასული. მოგვიანებით, სამი დღის შემდეგ, კვლავ დავრეკე და მიპასუხა უკვე ჩეტმა. ვუთხარი: ”გამარჯობა ჩეტ, ეს ტომი ემანუელია ავსტრალიიდან!” ”გამარჯობა ტომი, სად ხარ ახლა?” - მკითხა ჩეტმა. ვუპასუხე, რომ იქვე, ქუჩიდან ვურეკავდი. მან თავისთან მიმიწვია. ჩეტი გიტარით ხელში ჩამოსულიყო ჩემს დასახვედრად, ხელი გადამხვია და მკითხა, ხომ არ მინდოდა ცოტა დაგვეკრა. შევედით მის ოთახში და ეს იყო ნამდვილი სასწაული ჩემთვის - ჩვენ ერთად ვუკრავდით...
ებ: შემდეგ მოხდა სწორი ქიმია. ტე: ცოტა რომ დავუკარით, ჩეტმა მითხრა: ”მინდა, რომ ზევით წამომყვე და ვიღაც გაგაცნო”. როდესაც კიბეზე ავედით, გიტარის ხმა გავიგონე, ეს იყო ლენი ბროუ. ჩეტი, ლენი და მე დაახლოებით 3 საათს ვუკრავდით ერთად. შემდეგ ჩეტმა ცოტა ხნით დაგვტოვა და მე და ლენიმ გავაგრძელეთ დაკვრა. ჩეტის დაბრუნების შემდეგ, მე გავყევი ლენის და კონცერტზე მოვუსმინე მას. ლენი ბროუ იყო ერთერთი ყველაზე ღრმა მუსიკოსი ვისთვისაც კი ოდესმე მომისმენია. ის იყო სულ სხვა სამყარო.
ებ: კვლავ ”მეიტონი”-ს გიტარებზე უკრავთ? მე ვიცი, რომ გიტარის მრავალი მანუფაქტურის დიდი სურვილია უკრავდეთ მათ ინსტრუმენტებზე. რატომ ”მეიტონი”? ტე: პირველ რიგში იმიტომ, რომ ”მეიტონი” ავსტრალიურია და მე ყოველთვის ამ გიტარებზე ვუკრავდი. გარდა ამისა, ”მეიტონი”-ს პიკაპის სისტემა საუკეთესოა რაც კი ოდესმე ვინმეს შეუქმნია.
ებ: პიკაპის ეს სიტემა ავსტრალიაშია შექმნილი? ტე: დიახ, მე ვეხმარებოდი მათ და ჩვენ ერთობლივად შევქმენით ეს სისტემა წლების წინ. ამ პიკაპის მსგავსი სხვა სისტემა არ არსებობს. მას უნიკალური ჟღერადობა აქვს. ამ გიტარებს საკუთარი ხმა აქვთ.
ებ: სხვა გიტარები თუ გაქვთ? ტე: დიახ, მაქვს სხვა გიტარები. მე მიყვარს ”გიბსონი”-ს და ”მარტინი”-ს გიტარები. არ მაქვს ”ტეილორი”-ს გიტარები. მაქვს რამდენიმე ხელნაკეთი ინსტრუმენტი, ასევე, ნეილონისსიმიანი გიტარებიც. მაქვს ჯაზ-გიტარები, ”ფენდერ” D’Aquisto და ”გიბსონი”-ს დიდტანიანი გიტარები.
ებ: რისი საშუალებით უკრავთ ამ გიტარებზე? ტე: ვუკრავ ”ფენდერი”-ს საშუალებით.
ებ: არის რაიმე განსაკუთრებული? განსაკუთრებული ეფექტები? ტე: ყველაფერი რაც მე მჭირდება არის ერთიანი კარგი ხმა. ჩემი კომბო არის ”ეი-ი-არ” (AER) აკუსტიკური გიტარისთვის. იმისათვის, რომ მივიღო სასურველი ჟღერადობა, მე ვხურავ ჩემი გიტარის ჭრილს. თქვენ ალბათ არც კი შეგიმჩნევიათ ეს, მაგრამ ზუსტად ამას ვაკეთებ. არავის ესმის გიტარის ჭრილიდან გამოსული ხმა, ყველას ესმის ხმა გამოსული PA სისტემიდან. გიტარის შიდა მიკროფონი ოდნავ არის გახსნილი და იღებს ხმას ინსტრუმენტის კორპუსიდან, ამას ემატება შემდეგ პიკაპი და ამ ორით მიიღება ერთიანი ჟღერადობა.
ებ: ძალიან მარტივად გამოიყურება. ტე: გიტარა უერთდება რევერბს. რევერბიდან ერთი აუტი დაკავშირებულია დი-აი ბოქსთან და ეს ქმნის პირველ არხს მიქშერში. მეორე აუტით რევერბი უერთდება კომბოს. კომბოს აუტი მიერთბულია მეორე დი-აი ბოქსთან და ეს არის უკვე მეორე არხი მიქშერში. მე ვიყენებ ორ სიგნალს: პირდაპირს და კომბოს. შუაში ვაერთიანებ და ვაწყვილებ მათ. შედეგად მაქვს ორი სიგნალი და ერთი ხმა. ასე შესაძლებელი ხდება მიიღო სიხშირეთა მთელი სპექტრი კომბოდან და უშუალოდ გიტარის ხის კორპუსის მიერ გამომუშავებული ჟღერადობა. ეს ორი იძლევა ერთიან დიდ ხმას.
ებ: საინტერესოა. როგორ მიაგენით ამას? ტე: მე უბრალოდ მომწონს ასეთი ხმა. ეს საკმაოდ მარტივი იდეაა. დიდი საკონცერტო გამოსვლებისას ჩემს საკუთარ გუნდთან და საუნდმენთან ერთად მე ვიყენებ მესამე არხსაც. მესამე არხი გამოდის პირდაპირ გიტარიდან და დი-აი ბოქსიდან მიქშერის გავლით მიდის PA-ში. ასე ჩვენ ვღებულობთ გიტარის ხმას. გიტარის ხმას რევერბით და გიტარის ხმას კომბოთი. ისეთი ჟღერადობა იქმნება თითქოს თქვენი თავი ჩემს გიტარაში იმყოფება შიგნით.
ებ: საკონცერტო ტურებზე როგორ სცენებზე გიწევთ გამოსვლა? ეს არის პატარა თუ დიდი დარბაზები, თუ რა? ტე: მე ვუკრავ ყველგან. ფესტივალებიდან ღია ცის ქვეშ 20,000 მეტი აუდიტორიით BB King’s NYC ბლუზ კლუბამდე.
ებ: თუ ნერვიულობთ 20,000 მსმენელის წინაშე გამოსვლისას? ტე: არა. მაგალითად გუშინ, ჩეტისადმი მიძღვნილი საღამო ერთერთი ყველაზე ემოციური იყო. დარბაზში იმდენი გრძნობა იყო, რომ მომიწია წარმოდგენის მსვლელობის ოდნავ შენელებაც კი.
ებ: რას განიხილავთ თქვენს ყველაზე დიდ ძალად მუსიკალურად? ტე: ვფიქრობ, ჩემი გრუვი. როდესაც მე განაცხადს ვაკეთებ მუსიკალურად, მე მთლად მასში ვიძირები და ვასრულებ მთელი ძალით, როგორითაც კი შემიძლია, მე არ ვარ სიფრთხილის მომხრე. როდესაც ვუკრავ მელოდიას, მე მიყვარს მისი ზუსტად გამოხატვა. ესაც ჩეტისაგან ვისწავლე. თუ გინდათ სწორად მოუსმინოთ მელოდიას, მოუსმინეთ ჩეტის ვერსიას.
ებ: ატარებთ კლინიკებს და ვერქშოფებს? თუ ატარებთ, როგორ ახდენთ მათ სტრუქტურირებას აუდიტორიისათვის რომელიც მრავალგვარია? ტე: მომავალ კვირაში მაქვს ვერქშოფი ლოს-ანჟელესში. მე არ განვიხილავ ვერქშოფებს მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით. მე ვარ მაგალითი ადამიანისა, ვინც მუსიკით ცხოვრობს და, რომლისთვისაც მუსიკა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჩემი სამსახურით ვუზრუნველყოფ მე ჩემს ოჯახს საკვებითა და ყოველივე აუცილებელით. თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ცხოვრება უნდა იყოს, უმჯობესია ეს ორი მხარე ერთობლივად გაითვალისწინოთ ყოველთვის. ახლა კი იმ საკითხებზე, რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია: მე ვსაუბრობ ნაწარმოებების შესწავლაზე, დროზე, გრუვსა და მელოდიაზე. შემდეგ ვსაუბრობ პერფორმანსზე, ერთობლივად შოუსა და ჟღერადობის მიღწევაზე. თითოეული ამ საკითხებიდან ძალიან პრაქტიკულია. შემდეგ, გარკვეულ დროს ვუთმობ მათ, ვინც უკრავს ფინგერსტაილს, მათ აინტერესებთ როგორ ვიყენებ მე ამ ტექნიკას. მათ ვაჩვენებ როგორ უნდა იხმარო ცერა თითი დამოუკიდებლად დანარჩენი თითებისაგან. მე ეტაპებად ვყოფ ამას. ვზივარ მათ წინაშე, ვუკრავ და ვსაუბრობ. მრავალ განსხვავებულ კითხვაე მიწევს პასუხის გაცემა. ჩვეულებრივ, მათ, ვინც ჩემს კლინიკებზე მოდიან, სპეციფიური კითხვები აქვთ, მათ აინტერესებთ თუ როგორ ვასრულებ ამათუიმ კონკრეტულ ნაწარმოებს ან ფრაზას. ვცდილობ ხალხს შევუქმნა რეალისტური ხედვა იმისა, თუ რას მოითხოვს წარმატება მუსიკალურ კარიერაში. მე ჯერა საკუთარ ძალებში რწმენის უპირატესობის. არ ვარ დაინტერესებული ვიყო ვინმესთან შედარებული, ან ვინ არის კვირის ჩარტების სათავეში. მე იგივეს ვაკეთებ, რასაც აკეთებს ალბათ ადამიანების უმეტესობა ყველაგან. ვარ ის რაც ვარ, ცხოვრებაშიც ისეთივე ვარ როგორიც სცენაზე. როდესაც სკოლებში მიწევს საუბარი, ვცდილობ ავუხსნა ახალგაზრდებს, რომ ჩემი საიდუმლო იარაღი არის თვითმყოფადობა. ისეთი ვარ როგორიც ვარ. ეს მუშაობს.
ებ: რა იყო ერთერთი ყველაზე მშვენიერი თქვენს კარიერაში? ტე: ვუკრავდი ლეს პოლის 50 წლის იუბილეზე კარნეგი ჰოლში. ვიდექი სცენაზე, რომელზეც გამოდიოდა მრავალი ცნობილი ადამიანი მოწვეული იმ საღამოს. ვიყურებოდი ირგვლივ და ვთქვი ჩემთვის ”ო, აი ეს არის დარბაზი”!
ებ: თუ გქონიათ გამოსვლები, რომელიც ცუდად დაგამახსოვრდათ? ტე: ერთერთი უსიამოვნო გამოსვლა მქონდა ერთერთ პაბში ავსტრალიაში. ერთმა ახალგაზრდამ სათვალე მესროლა.
ებ: თუ გქონიათ გამოსვლა კონცერტზე, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა? ტე: ო, დიახ.
ებ: როგორია თქვენი აზრი მუსიკის მდგომარეობისა და ჩანაწერების ბიზნესის შესახებ დღეს? ტე: ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი რამ არის დღეს საინტერესო და არაერთი ტალანტი იქნება მომავალში აღმოჩენილი - განსხვავებული, როგორიც ჯერ არ ყოფილა.
ებ: თქვენ როგორ მოახერხეთ და ახერხებთ ამას კვლავ? ტე: კარგია, რომ ამერიკას აქვს ”ფი-ბი-ესი” (PBS - Public Broadcasting Service) და ისეთი კარგი წარმოდგენები როგორიცაა Wood Songs და Prairie Home Companion. თქვენ გაქვთ ”ენ-პი-არი” (NPR – National Public Radio) რომლის დახმარებაც შეუდარებელია.
ებ: როგორ იკვლევენ გზას ახალი არტისტები დღეს? ტე: უამრავი სცენებია დღეს ყველგან. ადამიანებისაგან მე ყოველთვის ვგრძნობდი - თუ კარგი ხარ, ჩვენ გვაინტერესებს შენი მოსმენა. მეც ვცდილობ დავეხმარო ახალგაზრდა მუსიკოსებს რამდენადაც მე შემიძლია, იმიტომ, რომ თუ მათ არ ჰქონდათ ზრდის ისეთი საშუალება ან პირობები როგორიც მქონდა მე, მინდა, რომ დავეხმარო მათ. მრავალი მათგანი ძალიან ნიჭიერია და მონდომებული, მე ეს ახალგაზრდები ჩემთან ერთად გამომყავს სცენაზე და აუდიტორიის წინაშე წარვადგენ მათ.
ებ: რას გვეტყოდით თქვენი მომავალი CD-სა და DVD-ების შესახებ? ტე: ამ წლის ბოლოს მრჩება ცოტა თავისუფალი დრო, ვიქნები ნეშვილში და ვაპირებ ჩავწერო სასწავლო DVD, კერძოდ, ზოგიერთი ნაწარმოებები, რომელიც ჩეტთან ერთად ჩავწერე. ეს არის მხოლოდ ფინგერსტაილი. მომავალ წელს ვაპირებ გადავიღო რომელიმე ჩემი საკონცერტო გამოსვლა Live მის შემდგომ გამოსაცემად DVD-ზე.
ებ: თუ არის მუსიკოსი, ვისთან ერთადაც ჯერ არ დაგიკრავთ და გინდათ, რომ დაუკრათ? ტე: ჯორჯ ბენსონი. როგორი შემსრულებელია! ის არის პლანეტის შეუფასებელი შემსრულებელი. ვფიქრობ, ის დიდებულია.
ებ: ვინ არის ის მუსიკოსი, ვინც უკვე ჩვენს გვერდით აღარ არის და ისურვებდით გქონოდათ დაკრული მასთან ერთად? ტე: მე დავუკარი ჯო პასთან ერთად. ეს იყო 1978 წელს. ის იყო მიუწვდომელი. ვერავინ მიუახლოვდებოდა მას. ჯაზი არის მხიარული სამყარო და მხიარული სიტყვა. თავს იღბლიანად ვგრძნობ, რადგან ვთვლი, რომ საინტერესო დროს დავიბადე, მქონდა მნიშვნელოვანი მუსიკალური გავლენები და, რომ ვუკრავდი სცენაზე. ჩემს ცნობიერებაში ბავშვობიდან არის ჩაბეჭდილი ის, რომ აუდიტორია ისეთია, როგორი დასაწყისიც აქვს კონცერტს. დასაწყისში მე ყოველთვის ვეკითხები აუდიტორიას თუ რისი მოსმენა სურთ და ამიტომ, ხალხი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მათ ნამდვილად ისიამოვნეს და, ამასთან, მეკითხებიან ”როდის ჩამოხვალთ ჩვენთან კიდევ”?
ებ: რას აკეთებთ თავისუფალ დროს? ტე: თუ თავისუფალი დღე მაქვს, წიგნს ვკითხულობ ჩემს ახალ სახლში. ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ვინახულო ჩემი ბავშვები ინგლისში, ორ თვეში ერთხელ მაინც. ჩემი ცხოვრება ცოტა უცნაურია.